logo
ENG



"ღირსების მარში უნდა ჩატარდეს" - დროა ხელისუფლებას მოუწოდებს მოქალაქეების უფლებები დაიცვას

18 ივნ 202120:28
3 წუთის საკითხავი
 
2021/06/18/up78wj2wpmjdtql.jpg

პოლიტიკური მოძრაობა დროა ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ყველაფერი გააკეთოს, რათა ივლისში დაგეგმილი ღირსების მარში მშვიდობიანად ჩატარდეს.

დროა მოითხოვს ხელისუფლებისგან, შეასრულოს საკუთარი მოვალეობა და უზრუნველყოს ადამიანების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. 

"ქართული ოცნების ხელისუფლება წლებია მიზანმიმართულად უშლის ხელს ლგბტქი ადამიანებს მათთვის კონსტიტუციით მინიჭებული შეკრებისა და გამოხატვის უფლებით სარგებლობაში. ძალადობრივი ჯგუფების გამოყენებით, მმართველი ძალა ცდილობს, დანერგოს შიში და დაგეგმილი ღონისძიებების მშვიდობიანად ჩატარების პასუხისმგებლობა გადაიტანოს ლგბტქი ადამიანებსა და მათი უფლებების დამცველ ორგანიზაციებზე.

ირაკლი კობახიძის განცხადება საშიშ გზავნილებს შეიცავს საზოგადოების არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ჯგუფისთვის, არამედ ყველასთვის. ეს არის ღია განაცხადი, რომ ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების გარანტირებულ უფლებებს შერჩევითად, პოლიტიკური ინტერესების მიხედვით იცავს.

საქართველოს ხელისუფლებას შევახსენებთ, რომ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება კონსტიტუციის მიხედვით მოქალაქეებისთვის მინიჭებული უფლებაა, ხოლო მისი დაცვა კი სახელმწიფოს პირდაპირი პასუხისმგებლობა", - წერია განცხადებაში. 

ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 17 ივნისს ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რომ პრაიდის კვირეულის ორგანიზატორებს უარი უნდა ეთქვათ ღირსების მარშის ჩატარებაზე, რადგან მისი თქმით, კონტექსტის გათვალისწინებით, ეს იქნებოდა პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება.

15 ივნისს პროპუტინური, ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების ლიდერმა, ლევან ვასაძემ ქართულ ოცნებას 10-დღიანი ვადა მისცა, გააუქმონ 5 ივლისს დაგეგმილი "ღირსების მარში".

მან მუქარის შემცველი განცხადება გააკეთა და ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა - მოუწოდა მთავრობას, არ მისცენ საბაბი "ესკალაციასა" და "დაპირისპირებას".

"დღეს ხომ არის 15 ივნისი, ვადას ვაძლევთ 25 ივნისამდე, გააუქმონ, რათა არ მისცენ საბაბი ქვეყანაში ესკალაციისა და დაპირისპირების პროცესების განვითარებას, ჩვენი ქვეყნის დისკრედიტაციას ჩვენს უშუალო სამეზობლოში", - ამბობს ვასაძე.

"ღირსების მარში სოლიდარობისთვის" - ამ სლოგანით 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე ლგბტქ აქტივისტები და სხვა მხარდამჭერები შეიკრიბებიან.

ორგანიზატორების ცნობით, აქციაზე მივლენ, როგორც "თბილისი პრაიდის" წევრები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები, მხარდამჭერები და პოლიტიკოსები.

ამ ფორმით ისინი, მიმდინარე პოლიტიკურ და კულტურულ პროტესტს გამოუცხადებენ სოლიდარობას. 

"ქვიარ თემის წევრები, ოჯახის წევრები და მხარდამჭერები ხმამაღლა და ამაყად ვაცხადებთ, რომ ჩვენ გამოვდივართ სოლიდარობისთვის!" - წერია ორგანიზატორების განცხადებაში.

ისინი სახელმწიფოსგან მოითხოვენ:

  • უზრუნველყოს ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმოება;
  • Შეასრულოს პოზიტიური ვალდებულება თანასწორი გარემოს შესაქმნელად, ჰომოფობიის, სტიგმისა და დისკრიმინაციის დასაძლევად;
  • უზრუნველყოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ჯეროვანი გამოძიება და დაიცვას სამართლიანობის პრინციპი;
  • დაიცვას თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება, მიუხედავად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა.

თბილისი პრაიდის წარმომადგენლები მოუწოდებენ საზოგადოებას ერთად შეებრძოლონ უსამართლობას.


close დახურვა